ახალი ამბები

„მაინც შეგვიძლია, შევაჩეროთ“ – ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

15 დეკემბერი, 2023 • 2398
„მაინც შეგვიძლია, შევაჩეროთ“ – ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

უნგრეთის პერმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტს მაინც შეეძლება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.

გუშინ, 14 დეკემბერს, ბრიუსელმა უკრაინასთან მოლაპარაკებები გახსნა გაწევრიანებაზე. ორბანმა, რომელიც იქამდე ამ გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრებოდა, სხდომათა დარბაზი დატოვა და სხვა წევრებს საშუალება მისცა, გადაწყვეტილება მის გარეშე მიეღოთ.

ორბანის თქმით, მოგვიანებით უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეჩერება მაინც იქნება შესაძლებელი.

„ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. შეგვიძლია მოგვიანებით შევაჩეროთ პროცესი, თუ დაგვჭირდა, დავამუხრუჭებინებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც უნგრეთის პარლამენტი მიიღებს“, – ციტირებს მას „როიტერსი“.

ორბანის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი „მომხიბვლელი“ უწოდა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, აღნიშნავს გამოცემა.

უნგრეთის პრემიერმა აგრეთვე ისაუბრა უკრაინისთვის 50-მილიარდი დახმარების დაბლოკვის შესახებ და თქვა, რომ ასე იმიტომ მოიქცა, უნგრეთს ევროკავშირის ბიუჯეტიდან თავად მიეღო საწადელი თანხები.

„ეს ბრწყინვალე საშუალებაა უნგრეთისთვის, ნათელი გახადოს, რომ აუცილებელია მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. არა ნახევარი და არც ერთი მეოთხედი“, – უთქვამს ორბანს.

„ნახევარსა“ და „ერთ მეოთხედში“ ის, სავარაუდოდ, გულისხმობს ფინანსურ რესურსს, რომელიც უნგრეთმა უნდა მიიღოს, თუმცა ევროკავშირს დაბლოკილი აქვს, ბუდაპეშტის მიერ რიგი რეკომენდაციების არშესრულების გამო. ამჟამად დაბლოკილი რჩება დაახლოებით 20 მილიარდი, 10 მილიარდი კი უნგრეთმა ოფიციალურად 13 დეკემბერს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი