ახალი ამბები

„EU-ს არაფერს ავალდებულებს“ – როგორ გააშუქა რუსულმა მედიამ კანდიდატის სტატუსის ამბავი

15 დეკემბერი, 2023 • 11205
„EU-ს არაფერს ავალდებულებს“ – როგორ გააშუქა რუსულმა მედიამ კანდიდატის სტატუსის ამბავი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსულ სამთავრობო მედიაშიც გააშუქეს.

თავად მომხდარის გარდა, უმსხვილესმა სამთავრობო მედიამ – „რია ნოვოსტიმ“ აღნიშნა, რომ ამისდა მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული არ არის ასოცირებული ტრიოსთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა].

მაგალითად, „რია ნოვოსტი“ წერს:

„ამავე დროს, სტატუსი, როგორც ასეთი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება. ეს ნაბიჯები ბრიუსელს არაფერს ავალდებულებს. ასე, თურქეთი კანდიდატი 1999 წლიდანაა, ჩრდილოეთ მაკედონია- 2005-დან, მონტენეგრო- 2010-დან, სერბეთი 2012-დან“.

მსგავსია „ტასსის“ ნარატივიც:

„მოლაპარაკებების დაწყება არ ადგენს კონკრეტულ დროს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მოლაპარაკებები შეიძლება გაურკვეველი დროით გაგრძელდეს. მაგალითისთვის, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005-ში დაიწყო, პერსპექტივები კი დღემდე არაა ნათელი“.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი