ახალი ამბები

“ეს იქნება საქართველოს ზეიმი” –  ზურაბიშვილი უერთდება ღარიბაშვილის დაანონსებულ ღონისძებას

15 დეკემბერი, 2023 • 3189
“ეს იქნება საქართველოს ზეიმი” –  ზურაბიშვილი უერთდება ღარიბაშვილის დაანონსებულ ღონისძებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უერთდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ზეიმს. იგი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, შეუერთდნენ ღონისძიებას.

“პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ. იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი. მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა – ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე პრეზიდენტმა ისაუბრა ერთიანობის მნიშვნელობაზე. ზურაბიშვილის თქმით, ერთიანობა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში გვახსენდება, მაშინ, როცა საჭიროა, ეს პრინციპი ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ.

“ეს არის ყველას ჩვენი ერთიანი მიღწევა. ეს არ არის [მხოლოდ] სიტყვები, რომ ერთად ვიყოთ და ერთსულოვნად. ეს მართლაც ასე არის. რომ არა ერთად, ვერაფერს ვერ მივაღწევდით ვერასოდეს- ვერც დამოუკიდებლობას ადრე, ვერც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას და ვერც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება. ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ყოველდღიურად. ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა. სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაიღო.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს.

“დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორწლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენ. ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა”, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა, ასევე, მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს. მისი შეფასებით, სანდუ არის უძლიერესი ქალი, რომელმაც შეძლო ქვეყანა მიეყვანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე მაშინ, როცა ამის არავის სჯეროდა.

“უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ვართ მაგალითები, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ევროპისთვის ბრძოლა, იმ ღირებულებების ერთგულება, რაც გვაერთიანებს ევროპასთან. ეს არის ის, რისთვისაც ვზეიმობთ დღეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.


14 დეკემბერს ევრპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი