ახალი ამბები

უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ — ზურაბიშვილი სააკაშვილზე

14 დეკემბერი, 2023 • 1907
უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ — ზურაბიშვილი სააკაშვილზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. ამის შესახებ მან რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

„[მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე] უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ [ევროპულ] გზაზე დაყენებაზე, არამხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა.

ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ყველა ამ პიროვნებამ და ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავის როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებდა. როგორც ზურაბიშვილი ამბობდა, მისი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელი იყო.

„ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია, სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ. თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო— არა და არასოდეს“, — აცხადებდა ზურაბიშვილი 2 წლის წინ.

სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ახალ განცხადებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“.  როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, გამორიცხული არაფერია.

„არაფერს გამოვრიცხავ, ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი