ახალი ამბები

„რაც თავი მახსოვს, სულ ხელისუფლებაში ხართ“ – ახალგაზრდა რუსი ჟურნალისტი პუტინს

14 დეკემბერი, 2023 • 1418
„რაც თავი მახსოვს, სულ ხელისუფლებაში ხართ“ – ახალგაზრდა რუსი ჟურნალისტი პუტინს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციისას ახალგაზრდა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ „რაც თავი ახსოვს, პუტინი სულ ხელისუფლებაშია“.

თუმცა ტელეარხ „კოლიმა-პლიუსის“ ჟურნალისტის, ალექსანდრ ორლოვის რემარკა კრიტიკულ ხასიათს არ ატარებდა. მან თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მხარი დაუჭირა პუტინის კანდიდატურას 2024-ის არჩევნებზე.

„ყველანი მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას, შემდეგ წელს კენჭი იყაროთ. რადგან, რაც თავი მახსოვს, სულ ხელისუფლებაში ხართ, ასეც შეიძლება ითქვას“, – თქვა ორლოვმა, წერს RTVi.

შემდგომ მან პუტინს შეღავათიან ავიაბილეთებზე ჰკითხა და აღნიშნა, რომ რაკი 22 წლის აღარაა, შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. პუტინმა ამაზე უპასუხა, რომ ბავშვების ყოლის შემთხვევაში შეღავათებით ისარგებლებდა. „სიმპათიური ახალგაზრდა ხართ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, პასუხად კი მიიღო, რომ ჟურნალისტი „მუშაობს ამ საკითხზე“.


ვლადიმერ პუტინი 1998 წლიდან იკავებს უმაღლეს თანამდებობებს რუსეთში. 1998-99 წლებში იგი უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] დირექტორი იყო, 1999 წელს – პრემიერ მინისტრი, ხოლო პრეზიდენტი იმავე წლის 31 დეკემბერს, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ გახდა. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთში 23 წლის ადამიანებს არ უნახავთ სხვა მმართველი გარდა პუტინისა.

პუტინმა პრეზიდენტის პოსტი ფორმალურად დატოვა 2008 წელს და კრემლი დიმიტრი მედვედევს გადააბარა, თუმცა 2012-ში დაბრუნდა და მედვედევი პრემიერად დანიშნა.

2020-ში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის საპრეზიდენტო ვადები განულდა და მას პოსტზე დარჩენა, თეორიულად, 2036 წლამდე შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი