ახალი ამბები

EU-ს გზაზე უკრაინის დაბლოკვა პუტინის ვეტოს ნიშნავს – ზელენსკი

14 დეკემბერი, 2023 • 982
EU-ს გზაზე უკრაინის დაბლოკვა პუტინის ვეტოს ნიშნავს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესს ვერ გახსნის უნგრეთის ბლოკირების გამო, ეს ნიშანი იქნება, რომ ვლადიმერ პუტინმა დაადო ამ საკითხს ვეტო. ამის შესახებ ზელენსკიმ ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო ქვეყანა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგებოდა, თუმცა “უნგრეთისგან ვეტო ადგილზეა და ეს არის ფაქტი”.

მისი თქმით, უკრაინა იყო კონსტრუქციული და შეასრულა ყველა პირობა, რომელიც მას ევროკომისიამ და პარტნიორებმა წაუყენეს.

მისი თქმით, რუსეთი ომში, ფრონტზე ვერ იმარჯვებს და ამის გამო სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებთან დაიწყო მუშაობა მათზე გავლენის მოსაპოვებლად.

“ამიტომ, თუ აქ არ იქნება პოზიტიური შედეგი, ეს მიანიშნებს, რომ პუტინმა დაადო ვეტო ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.

სავარაუდოდ, დახმარების განბლოკვა უკავშირდება უნგრეთის წინააღმდეგობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ეს პოზიცია უკრაინის შიდა პრობლემებით – კორუფციით და ა.შ. იყო განპირობებული, თუმცა ანალიტიკოსები და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად უნგრეთის პოზიცია სწორედ დახმარების განბლოკვაზე იყო მიბმული.

ამ განბლოკვის მიუხედავად, უნგრეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არაა გარანტირებული. ორბანის დამხმარის განცხადებით, უნგრეთის პოზიციას დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილის განბლოკვა ვერ შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი