ახალი ამბებისაზოგადოება

ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარება

13 დეკემბერი, 2023 • 2238
ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარება

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.

„გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტები და დემოკრატები, აპირებენ, შეშფოთების წერილი გაუგზავნონ კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.

სავარაუდოდ, დახმარების განბლოკვა უკავშირდება უნგრეთის წინააღმდეგობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ეს პოზიცია უკრაინის შიდა პრობლემებით – კორუფციით და ა.შ. იყო განპირობებული, თუმცა ანალიტიკოსები და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად უნგრეთის პოზიცია სწორედ დახმარების განბლოკვაზე იყო მიბმული.

ამ განბლოკვის მიუხედავად, უნგრეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არაა გარანტირებული. ორბანის დამხმარის განცხადებით, უნგრეთის პოზიციას დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილის განბლოკვა ვერ შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი