ახალი ამბები

30 მილიარდი უკრაინის EU-ს წევრობის სანაცვლოდ — უნგრეთის ახალი მოთხოვნა

13 დეკემბერი, 2023 • 9570
30 მილიარდი უკრაინის EU-ს წევრობის სანაცვლოდ — უნგრეთის ახალი მოთხოვნა

უნგრეთმა შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ხელი არ შეუშალოს, თუ ევროკავშირი სრულად მოხსნის ფინანსურ შეზღუდვებს და უნგრეთს წვდომას მისცემს დაახლოებით 30 მილიარდ ევროზე.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა თქვა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

ბალაშ ორბანის კომენტარი მოჰყვა ევროკომისიის გეგმას, რომლის მიხედვითაც, უნგრეთს გადასცემენ 10 მილიარდ ევროს. აღნიშნული დახმარება უნგრეთისთვის გათვალისწინებული იყო სასამართლო რეფორმის გატარების სანაცვლოდ, თუმცა სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო აღნიშნული დახმარება გაყინული იყო.

უნგრეთისთვის ამ დრომდე გაყინული რჩება 11.7 მილიარდი ევროს სიდიდის დახმარება. მიზეზი ადამიანის უფლებების, აკადემიური თავისუფლებისა და სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზებია.

ამასთან ერთად, უნგრეთისთვის კვლავ მიუწვდომელი რჩება 10.4 მილიარდის იაფი სესხები და გრანტები. ეს თანხა დაბლოკილი უნდა იყოს მანამ, სანამ უნგრეთი ანტიკორუფციულ რეფორმებს გაატარებს.

შესაბამისად, ვიქტორ ორბანის მრჩევლის თქმით, უნგრეთი თუ არ მიიღებს წვდომას, ჯამში, აღნიშნულ 30 მილიარდ ევროზე, მხარს არ დაუჭერს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასა და ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი