ახალი ამბები

სუსი: „განსაკუთრებული სიმკაცრით“ მოვითხოვეთ გინტურის მკვლელების დასჯა

13 დეკემბერი, 2023 • 816
სუსი: „განსაკუთრებული სიმკაცრით“ მოვითხოვეთ გინტურის მკვლელების დასჯა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა. მას საქართველოს ხელისუფლებისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ესწრებიან ხოლმე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა“.

სუს-ის განცხადებითვე, „მკაცრად მოთხოვნილ იქნა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, ხოლო მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 2024 წლის 13 თებერვლისთვის.

შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გააკეთა. მისი თქმით, გინტურის მკვლელობის “ოქროს მოწმე”, ლევან დოთიაშვილი მკვლელების ამოცნობას ვერ ახერხებს და მათი ვინაობა ქართული მხარისთვის უცნობია.

“თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული და ეს არის მხოლოდ ერთი: უნდა მოხდეს მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება. ყველაზე ლოგიკური გზა არის მკვლელების გადმოცემა. რუსეთის ფედერაციამ თამაზ გინტურის მკვლელობის მიმართ პირველივე დღიდან დაიკავა უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია. არავის აქვს ილუზია, რომ პროცესი იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა, გაჟღერებული გვაქვს ჩვენი მოთხოვნები”, – აღნიშნა ანთაძემ.

58 წლის თამაზ გინტური სოფლის მთავარ სალოცავთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და რამდენიმე დღე ტყვეობაში ჰყავდათ. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი რუსებისგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვარს იქით არის მოყოლილი. საოკუპაციო ხაზს მიბჯენილია სოფლის სასაფლაო, საძოვრები. თუმცა არავითარი ნიშანი, რაც საოკუპაციო ხაზზე მიანიშნებდა, კირბალის ტერიტორიაზე არ ჩანს.

ოკუპანტებისგან სოფლის მაცხოვრებლების გატაცება ხშირი ამბავია. კირბალში 180 კომლი ცხოვრობს და 2008 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 100 ადამიანი გაუტაცებიათ აქამდე, მაგრამ მკვლელობა პირველად მოხდა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების შესახებ, რომლითაც გმობს საოკუპაციო ძალების ამ დანაშაულებს, მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა საქართველოდან და სხვა.

რეპორტაჟი კირბალიდან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, იხილეთ აქ:

“ლომისა ჩვენია და ჩვენი იქნება” – კირბალელები თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი