ახალი ამბები

ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება მოშე კლუგჰაფტის რჩევა იყო – კობახიძე

13 დეკემბერი, 2023 • 1242
ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება მოშე კლუგჰაფტის რჩევა იყო – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, „სისხლიანი ბანერები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც იყოს საჭირო.

ამის შესახებ მან განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო პერიოდისთვის სტრატეგიულ მრჩევლებად მოშე კლუგჰაფტის და მირი მიქაელის დაქირავების კომენტირებისას. თუმცა კობახიძე ირწმუნება, რომ წინა არჩევნების დროს, „სისხლიანი ბანერების“ იდეა, რომელზეც ოპოზიციის და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსები იყვნენ გამოსახული, არც მოშე კლუგჰაფტს ეკუთვნოდა და არც „ქართულ ოცნებას“.

„ჯერ სისხლიანი ბანერები როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს. თუმცა მათი იდეა პრინციპში არ იყო, სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ასევე ძალიან წარმატებული იყო, ხალხს სჭირდება მუდმივად „ნაცმოძრაობის“ სახის შეხსენება. შეიძლება [2024 წლის არჩევნებისთვისაც] დაგვჭირდეს, არ ვიცი, ვნახოთ. რადგან საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე, რათა შეცდომა არ დაუშვას მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ მოშე კლუგჰაფტის რჩევა იყო, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილიყვნენ გამოსახულნი.

„მათ საინტერესო რჩევები ჰქონდათ, რაც დაგვეხმარა ჩვენ შესაბამისი შედეგის მიღწევაში. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კამპანია პოზიტიური იქნება. მისივე თქმით, პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ მმართველი პარტიისთვის „საკმარისი არ არის თუნდაც 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“.

„ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და საბოლოოდ დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება იმ თუნდაც ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომელიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ ვერ დავჯერდებით 55%-ს, გვჭირდება უფრო მაღალი შედეგი იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ [„ნაცმოძრაობა].

რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ჩვენ არსებითად ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.


მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდისთვის სტრატეგიული მრჩევლები აიყვანა – მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი, კომპანია ACT NEWS-ის დამფუძნებლები.

“აგრესიული და კრეატიული” – ასე აფასებს უცხოური მედია პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტის საქმიანობას, რომელიც საქართველოში ერთხელ უკვე მოიწვიეს 2018 წლის არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. ის ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც გამოჩნდა.

მოშე კლუგჰაფტი ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურიდან მუშაობდა, რა დროსაც თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი „პრინციპული არჩევანი“ გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი