საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს, განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერებისგან მიიღო დასტური, რომ ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ მან ქართულ მედიასთან კომენტარი დღეს, 5 ოქტომბერს გააკეთა:
“მინდა გითხრათ, რომ მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე [კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციებში] და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და, რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის სამიტზე მიიღებს.