ახალი ამბები

დეკანოიძე თემურ კარბაიაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

11 დეკემბერი, 2023 • 877
დეკანოიძე თემურ კარბაიაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხი ხატია დეკანოიძემ დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზეც დააყენა.

დეკანოიძის თქმით, პარლამენტმა თემურ კარბაიასთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიიღოს იმ პროექტთან ერთად, რომელიც სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას შეეხება.

„ჩვენი მოქალაქეების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და რეჟიმი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გენოციდი კვლავ მოაწყოს. ამიტომ ეს წინადადება მექნება, რომ ის რეზოლუცია კიდევ უფრო გაფართოვდეს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არც ერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება  და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება.

თუმცა ხატია დეკანოიძის წინადადების პასუხად თქვა, რომ ოკუპანტების დანაშაულის დაგმობისა და შეურიგებლობის საზომად რეზოლუციის ტექსტის გამოყენება არ შეიძლება.

„ამ შემთხვევაში ცოტა სხვა მიდგომებით ხელმძღვანელობა უფრო მართებული იქნებოდა. რეზოლუციის ტექსტის განხილვა-არგანხილვა სხვა კონტექსტში სამსჯელო საკითხია. ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებობს მმართველი პარტიის გაცხადებული პოზიცია. საკითხის კომიტეტზე შემოტანას წინ უძღვის პოლიტიკურ გუნდში კონსულტაციები. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. ასეთ თემებთან დაკავშირებით ვცდილობთ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ასეთი პოზიციის გაზიარებისგან, რადგან მას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები უძღვის და ეს საკმაოდ უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.


9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი