ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის შვიდმა დეპუტატმა პარტია დატოვა

11 დეკემბერი, 2023 • 631
ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის შვიდმა დეპუტატმა პარტია დატოვა

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, დღეს, 11 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარტია დატოვეს. კერძოდ, პარტია დატოვა საკრებულოში ენმ-ის თოთხმეტიდან შვიდმა დეპუტატმა.

„მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას, მოახდინა მათი სრული იგნორირება. ენმ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოპოზიციურ წარმონაქმნად ქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ სხვა პლატფორმიდან“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბახტაძემ.

დეპუტატმა თედო მესხმა აღნიშნა, რომ პარტიიდან გასული დეპუტატები „მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი არიან“ და ახალი პლატფორმა, რომელსაც შეუერთდებიან, ბევრად მეტს გააკეთებს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის.

საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. პარტია დატოვეს, მათ შორის, ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, და არაერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოების დეპუტატებმა.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი