„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც მთავრობის დატოვების შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა, აცხადებს, რომ პროსახელისუფლებო მედიაზე წვდომა რომ ჰქონდეს, მმართველი პარტიის ამომრჩევლების 50%-ს გადაიბირებდა.
გიორგი გახარიას თქმით, „რუსთავი 2-ზე“ „იმედზე“ და სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში ენმ და მისი წევრები პოზიტიურად შუქდებიან, პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კი ეთერში საერთოდ ვერ ხვდებიან:
„ოცნება და ეს ოცნების პარტიული დღევანდელი ბოსები „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. მაგალითად, მათ ტელევიზიებს და მედიას რომ უყუროთ, ნახავთ, რომ მათ მიერ კონტროლირებად მედიაში — „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“ და ა.შ. – ძალიან პოზიტიურად აშუქებენ „ნაციონალური მოძრაობას“ და მათ წარმომადგენლებს.
ჩვენ საერთოდ არც გვიშვებენ ეთერში. რატომ? იმიტომ, რომ იციან, მე რომ მქონდეს წვდომა „ოცნების“ დღევანდელ მხარდამჭერებზე და იმ ხალხზე, ვინც მათ ხმას აძლევს, 2 თვე დამჭირდება და ნახევარი გახდება ჩვენი მომხრე. უბრალოდ იმიტომ, რომ სიმართლე აქ არის“, — ამბობს გიორგი გახარია.