ახალი ამბები

კასპის საკრებულოში ენმ-ის რვიდან ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა

7 დეკემბერი, 2023 • 877
კასპის საკრებულოში ენმ-ის რვიდან ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა

კასპის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ რვიდან ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა.

დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარტიას მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო ტოვებენ და აპირებენ, მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

„საკრებულოს რვა წევრიდან ექვსი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტიას. ახალმა მენეჯმენტმა და თავმჯდომარემ ვერ შეასრულეს უხვად გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები. პარტიას არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი 2024-ის არჩევნებში გამარჯვებისთვის. გადავწყვიტეთ, დავტოვოთ პარტია, მაგრამ გავაგრძელოთ [საქმიანობა], სადაც ჩვენი პრინციპების და ღირებულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიასთან“, – აღნიშნეს ბრიფინგზე.

პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირანდა თვარაძემ „მთავარ არხს უთხრა“, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი დაარსების დღიდანაა, თუმცა ახლა ნიკა მელიასთან ერთად აპირებს ბრძოლას.

კასპში ენმ-ის დეპუტაცია არაა პირველი, ვინც პარტიას ტოვებს. ასევე მოიქცნენ ხობის, ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოებში წარმოდგენილი დეპუტატებიც.

რამ, როგორ და ვინ გამოიწვია კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“, წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი