ახალი ამბები

„მოხალისეები არიან მეომრები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლით ქართულ ღირსებას წარმოადგნენ“ — ზურაბიშვილი

5 დეკემბერი, 2023 • 1552
„მოხალისეები არიან მეომრები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლით ქართულ ღირსებას წარმოადგნენ“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „შენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა:

„მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის გამოვლენა. საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებელი. ყველას გვაქვს ის წვლილი შესატანი, რასაც ჰქვია მოხალისეობა. თქვენ წარმოადგენთ ამ დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ შეაკავებს.

თქვენ ხართ ევროპა, იმიტომ, რომ ევროპა ესაა, თავისუფალი გაგება იმისა, თუ რა სჭირდება თქვენ ირგვლივ საზოგადოებას თუ ქვეყანას. მოხალისეობა არახალია, მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როდესაც ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ იმ უცხო რეჟიმს, რომელიც ცდილობდა დამკვიდრებას. ეს იყო სუფთა წყლის მოხალისეობა“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც, რომლებიც, მისი თქმით, ამ ქმედებით ქართულ ღირსებას წარმოადგენენ:

„მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში. ისინი მათი თავისუფალი, ნებაყოფლობითი არჩევანით წარმოადგენენ ქართულ ღირსებას. მინდა პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, ვინც შესწირა თავიანთი სიცოცხლე და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან. მოხალისეები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც 13 ივნისს სტიქიის წინააღმდეგ იბრძოლეს და ქალაქისთვის მაგალითის მიცემა შეძლეს“ ,— აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის შოვში დაღუპული და-ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები და მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი დააჯილდოვა, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი