ახალი ამბები

„არ არის სასურველი პერიოდი [პრეზიდენტის] ლექციის ჩასატარებლად“ — რექტორი

1 დეკემბერი, 2023 • 1908
„არ არის სასურველი პერიოდი [პრეზიდენტის] ლექციის ჩასატარებლად“ — რექტორი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე ადასტურებს პრეზიდენტის მიმართვას საჯარო ლექციის ჩატარებაზე.

უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ახლა გამოცდების პერიოდია და მსგავსი ღონისძიების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

„ჩვენგან მიწოდებულია ასეთი ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში არის საგამოცდო პერიოდი, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე. გამოცდების მერე უკანვე მიდიან სახლში სამეცადინოდ. აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი ეს იმისთვის, რომ ჩატარდეს ასეთი ღონისძიება“, — განაცხადა შალვა კირთაძემ.

რექტორს ჰკითხეს, პრემიერს რომ მიემართა, მასაც უარს ეტყოდა თუ არა.

„მასაც ვეტყოდით, ასეთ პერიოდს ხომ არ აჯობებს სხვა პერიოდი, იმიტომ, რომ სტუდენტების ამ პერიოდში მთავარი საფიქრალი არის სწავლა. ჩვენ ყველას ამას შევთავაზებდით“, — თქვა რექტორმა.

გუშინ, 30 ნოემბერს, სტუდენტური მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა ნიკო მანაგაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ინფორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს კამპანიისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერების თსუ-ში შეგროვება დაუშალა.

„გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა“ — პრეზიდენტი ყვარელში

მასალების გადაბეჭდვის წესი