ახალი ამბები

„რატომ უნდა მიეცეს ფრენის უფლება, თუ ის არ მიდის ჰააგაში?“ — ლანდსბერგისი ლავროვზე

29 ნოემბერი, 2023 • 701
„რატომ უნდა მიეცეს ფრენის უფლება, თუ ის არ მიდის ჰააგაში?“ — ლანდსბერგისი ლავროვზე

„რატომ უნდა გავფრინდე სკოპიეში უეთოში „ევროპის უსაფრთხოების განსახილველად“ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ უნდა მიეცეს ფრენის უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ ის არ მიდის ჰააგაში?!“ — ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრებას.

კერძოდ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სერგეი ლავროვი მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს სკოპიეში იმართება. ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისის სახით, ბულგარეთმა ნებართვა მისცა ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება სანქცირებული ლავროვის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში.

სერგეი ლავროვისთვის მოსალოდნელი დასწრების გამო უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს.

სკოპიეში ელოდებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57-ვე წევრი ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს.

მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ასევე, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდტთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის — ჩრდილოეთ მაკედონიის — საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორ მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი