ახალი ამბები

უკრაინა და ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ ეუთოს მინისტერიალს

29 ნოემბერი, 2023 • 1430
უკრაინა და ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ ეუთოს მინისტერიალს

უკრაინა და ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ ეუთოს მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის მოსალოდნელი დასწრების გამო.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სერგეი ლავროვი მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს სკოპიეში იმართება. ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისის სახით, ბულგარეთმა ნებართვა მისცა ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება სანქცირებული ლავროვის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დელეგაციის დასწრება მხოლოდ გააღრმავებს იმ კრიზისს, რომელშიც რუსეთმა ეუთო შეიყვანა.

„ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ ეუთო რუსეთისგან და არ გავუგზავნოთ მესიჯები 2022 წლის თებერვლამდე არსებული თანამშრომლობის ფორმებზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დიდი შეიარაღებული აგრესია წამოიწყო და უხეშად დაარღვია ჰელსინკის ფინალური აქტის ყველა პრინციპი“, — აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პერსონალური მონაწილეობის დაშვების გამო. ეს რუსეთს კიდევ ერთი პროპაგანდისტული შესაძლებლობით მოამარაგებს.  ეუთოს მინისტერიალზე ლავროვის ყოფნა ასევე სარისკოა აგრესორის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის მინისტრები, არ ვიქნებით ამის ნაწილი და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე“, — ნათქვამია ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

სკოპიეში ელოდებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57-ვე წევრი ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ასევე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს.

მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ასევე, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდტთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის — ჩრდილოეთ მაკედონიის — საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორ მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.

ლავროვს EU-ს საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი