ახალი ამბებისაზოგადოება

“სეისმური მონიტორინგის ცენტრის შენობა ვიბრირებს და ახალი ბზარები უჩნდება”

29 ნოემბერი, 2023 • 1515
“სეისმური მონიტორინგის ცენტრის შენობა ვიბრირებს და ახალი ბზარები უჩნდება”

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს, რომ ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა ვიბრირებს, გვერდით მიმდინარე მშენებლობების გამო ახალი ბზარები უჩნდება და ცენტრის თანამშრომლებს შენობაში დარჩენის ეშინიათ.

“შიშისაგან [თანამშრომლებმა] შენობა დატოვეს და მანქანაში სხედან. მიწისძვრის დროს პირველი, სეისმოლოგების შენობა დაეცემა ბრძოლის ველზე. უამრავი ხალხი მწერს, რა ვქნათო, მშენებლობები სახლს გვიზიანებსო. ერთ ბედქვეშ ვართ ხალხო. თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. ჩვენც ვერაფერს გავხდით”, – წერს თეა გოდოლაძე.

ნეტგაზეთთან თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მშენებლობების გამო დაზიანებული ცენტრის შენობა საერთო სურათის ნაწილია და მიუხედავად არაერთი მიმართვისა შესაბამისი უწყებების მიმართ, ამაზე საუბარი უხერხულია, როდესაც ქვეყანაში საბავშვო ბაღები რჩება ავარიულ შენობებში.

“სასაცილო სიტუაცია შეიქმნა და დავწერე. ფაქტია, მიჭირს სამსახურში ხალხი გავაჩერო. შენობა ზანზარებს, მათ თვალწინ ახალი ბზარები ჩნდება. ეს განგრძობითი პროცესია და ყველამ ხომ არ იცის, რომ ერთბაშად შენობა არ დაინგრევა. ჩემი წერილებით სავსეა ყველა უწყება, სასამართლო დავა გვაქვს და ა.შ. წესით, უნდა დაანგრიონ და თავიდან ააშენონ. მაგრამ ქვეყანა გვენგრევა თავზე და ამისთვის ვერ მოგვივლია, რა დროს სეისმური მონიტორინგის ცენტრია. ხალხი ცხოვრობს ავარიულ შენობებში და გაჭირვებისგან ვერსად გადის. სკოლებია ასეთ მდგომარეობაში, საბავშვო ბაღები, მე როგორ ვიწუწუნო ამის ფონზე? დავაკვირდებით. შეუქცევადი ეს პროცესი ჯერ არ არის. დანგრევის პირას მყოფი შენობის კატეგორიას არ მიეკუთვნება. თუმცა, თუ მიწისძვრა მოხდა, ვერ გადავრჩებით. ჩვენ რომ გამართული სახელმწიფო გვქონდეს, სწრაფ ლიკვიდაციას ექვემდებარება და ახალ მშენებლობას”, – გვეუბნება თეა გოდოლაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი