ახალი ამბები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა – თეა გოდოლაძე

9 სექტემბერი, 2024 •
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა – თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა. ამის შესახებ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე წერს.

თავის ფეისბუქ-პოსტში გოდოლაძე აღნიშნავს, რომ ამერიკული დახმარების წყალობით ინსტიტუტმა არაერთი პროექტის განხორციელება თუ აპარატურის შესყიდვა შეძლო.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით. დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა“, – წერს გოდოლაძე.

იგი ყვება, რომ აშშ-ის დახმარებით ინსტიტუტი ამჟამადაც მუშაობდა პროექტებზე – მაგალითად, სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე.

„აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინასნება გვაქვს სახელმწიფოსაგან.

ჩვენს სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ. დღეს საკმაოდ მძიმე რეალობაა“, – აღნიშნავს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი