ახალი ამბები

„ოლიგარქი, რომელსაც საქართველო კრემლისკენ მიჰყავს“ – „პოლიტიკო“ ბიძინა ივანიშვილზე

28 ნოემბერი, 2023 •
„ოლიგარქი, რომელსაც საქართველო კრემლისკენ მიჰყავს“ – „პოლიტიკო“ ბიძინა ივანიშვილზე

გამოცემა „პოლიტიკომ“ 2024 წლის პერსონების რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც დაასახელა.

ოლიგარქად მოხსენიებულმა ივანიშვილმა მერვე ადგილი დაიკავა ჩამშლელთა/ამრევთა რეიტინგში. „პოლიტიკო“ მას ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უწოდებს და წერს, რომ ყოფილი პრემიერის მიზანია, საქართველო ევროკავშირის ნაცვლად რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს. „პოლიტიკო“ კითხულობს, მისცემს თუ არა ივანიშვილი საქართველოს საშუალებას, წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, „პოლიტიკოს“ მასალაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ივანიშვილია დიდწილად პასუხისმგებელი საქართველოს „პრორუსულ კურსზე“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იქვეა აღნიშნული, რომ საქართველო „საკვანძო ჰაბია“ რუსეთის მიერ დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის ამგვარი დახასიათება „უბრალოდ, სამარცხვინოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ასეთი სტატიები ფულის სანაცვლოდ იწერება“. მისივე თქმით, „ასეთი სქემები მარტივად მუშაობს, მათ შორის, ევროპულ მედიაში – ფულს იხდი და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში“.

ივანიშვილთან ერთად, ჩამშლელთა/ამრევთა რეიტინგში მოხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი (მესამე ადგილი. გამოცემა მას უნგრეთში კანონის უზენაესობისთვისა და მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ უნგრეთი ევროკავშირის პოლიტიკის საბოტაჟს განაგრძობს) და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი (მის პროფილში ვკითხულობთ დიპლომატიის მებრძოლ სტილზე, ჩინეთის მიმართ მკაცრ მიდგომასა და თავდაპირველ უთანხმოებაზე კანცლერ ოლაფ შოლცთან უკრაინაში გერმანული ტანკების გაგზავნაზე) .

საქმის მკეთებელთა კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა („პოლიტიკოს“ ავტორების აზრით, ფონ დერ ლაიენი გაუძღვა ევროკავშირს ეპოქის განმსაზღვრელ კრიზისებში). მას მოსდევს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მის პროფილში საუბარი მიდის საფრანგეთში არაერთი ახალი კანონპროექტის გატარებაზე), უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი („პოლიტიკო“ აღნიშნვს მის გავლენას უკრაინაში და საგარეო ვიზიტებს, რომელთა მიზანიცაა, „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები უკრაინის მხარდამჭერებად აქციოს) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი (აღნიშნულია მისი როლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში).

მესამე, მეოცნებეთა კატეგორიაში მეორე ადგილი რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ დაიკავა. ათეულში აგრეთვე მოხვდა ბრიტანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი („პოლიტიკო“ ეჭვობს, რომ ფარაჯმა, რომლის უმთავრესი მიღწევაც 2016 წლის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმში გამარჯვებაა, მართლაც დატოვა პოლიტიკა და ვარაუდობს, რომ 2025-ში თავისი ყოფილი, კონსერვატიული პარტიის ლიდერობა შეიძლება სცადოს). არცერთ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულთა ვინაობა ცნობილი ჯერ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი