ახალი ამბები

ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას, საკითხი დახურულია – ენმ

27 ნოემბერი, 2023 • 829
ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას, საკითხი დახურულია – ენმ

“ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, — ოფიციალური განცხადება პარტიამ დღეს, 27 ნოემბერს გაავრცელა. ენმ-ში აცხადებენ, რომ საკითხი დახურულია და ამ თემაზე დამატებით კომენტარს აღარ გააკეთებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას”, — ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი “მრავალთვიანი მცდელობისა”, მელიამ არ გაიზიარა ის პრინციპები, რომლებიც დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით შეიმუშავეს.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.

მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის არ არის ნაციონალურ მოძრაობაში. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, — აცხადებენ პარტიაში.

გარდა ამისა, ენმ-ში ამბობენ, რომ ღია არიან ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი მიზანიც არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გამარჯვება.


23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, “ნაციონალური მოძრაობამ” 11- პუნქტიან მანიფესტი გამოაქვეყნა.

მანიფესტში წერია, რომ დროა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი