ახალი ამბები

ენმ-დან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვარ — ბარამიძე

27 ნოემბერი, 2023 •
ენმ-დან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვარ — ბარამიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ენმ-დან გარიცხვას ეწინააღმდეგება. თუმცა ბარამიძე ამავდროულად აღნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც, მელია აღარაა პარტიის წევრი, პირდაპირ მის გარიცხვას არ ნიშნავს.

ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა:

“უმეტესობამ იგი აღიქვა როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა, მე მაინც მინდა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერში მითქვამს.

კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ.

ენმ-ის წესდებით ენმ-ს თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”, — წერს ბარამიძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აზრი ჩაითვლება ენმ-ის პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად, მზადაა თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს მიმართოს თანამდებობის დატოვების შესახებ.

“მეტიც, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ის ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია”, — განმარტა მან.

ლევნ ხაბეიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა. ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახე,ბ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.


23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალური მოძრაობამ“ 11- პუნქტიან მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი