ახალი ამბები

„ჰამასმა“ ტყვეების გათავისუფლება გადადო და პირობის დარღვევაში ისრაელი დაადანაშაულა

25 ნოემბერი, 2023 • 1373
„ჰამასმა“ ტყვეების გათავისუფლება გადადო და პირობის დარღვევაში ისრაელი დაადანაშაულა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დღეისათვის გადადო ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება, ამის მიზეზად კი ისრაელის მხრიდან შეთანხმების დარღვევა დაასახელა.

კერძოდ, „ჰამასი“ ითხოვს, რომ ღაზაში სამხრეთ საზღვრიდან შესულ ჰუმანიტარულ ტვირთს ჩრდილოეთისკენ, საომარი მოქმედებების ეპიცენტრის მიმართულებით შესვლის საშუალება მისცენ.

გარდა ამისა, როგორც BBC იტყობინება, „ჰამასის“ წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ისრაელმა გასათავისუფლებელ პატიმართა შეთანხმებული სია ბოლო მომენტში შეცვალა, რითაც დაარღვია პირობა.

ისრაელი უარყოფს თავისი მხრიდან პირობების დარღვევას.

„ჰამასისა“ და ისრაელის შეთანხმება ისრაელის მხრიდან ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 4 დღით, ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის, მათ შორის, საწვავის შეშვებას (დღეში, საშუალოდ, 200 სატვირთო) და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. სანაცვლოდ „ჰამასმა“ დღეში 13-14 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს.

ტყვეთა პირველი ჯგუფი ტერორისტულმა ორგანიზაციამ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით 24 ნოემბერს გადასცა ისრაელს — 4 ბავშვი და 9 ქალი თითქმის 50-დღიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს. გარდა ამისა, „ჰამასმა“ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ ისრაელის ციხეები 39-მა პალესტინელმა დატოვა. შეთანხმების მიხედვით, ერთი გათავისუფლებული ისრაელელის სანაცვლოდ ციხიდან 3 პალესტინელს გაუშვებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტყვეთა გაცვლა და როგორ განვითარდება მოვლენები.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი