ახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლიდან 3 ადამიანი გაიტაცეს

25 ნოემბერი, 2023 • 1135
რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლიდან 3 ადამიანი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს საქართველოს სამი მოქალაქე.

ინფორმაციას ფაქტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, — აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი