ახალი ამბები

“ჰამასი” ხვალ 13 მძევალს გაათავისუფლებს — კატარი

23 ნოემბერი, 2023 • 1371
“ჰამასი” ხვალ 13 მძევალს გაათავისუფლებს — კატარი

ხვალ, 24 ნოემბერს, შუადღის 4 საათისთვის, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” 13 მძევალს გაათავისუფლებს. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის მხოლოდ ქალები და ბავშვები იქნებიან. მათ “წითელ ჯვარს” გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება კატარის პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა.

BBC-ის ცნობით, ისრაელი ადასტურებს, რომ მიიღო იმ ადამიანთა სია, ვისაც ხვალ გაათავისუფლებენ და დაწყებულია მათ ოჯახებთან დაკავშირებაც.

ისრაელი და “ჰამასი” ტყვეებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების პარალელურად გაცვლიან. საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება ხვალ, ღაზის დროით დილის 7 საათზე, სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთში. “ჰამასი” აცხადებს, რომ პაუზა 4 დღე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ღაზის სექტორში საწვავის ოთხ მანქანას და პირველადი დახმარებით დატვირთული 200 მანქანას დაუშვებენ.

ისრაელის ხელისუფლებამ და ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” შეთანხმებას მიაღწიეს საბრძოლო მოქმედებების ოთხი დღით შეჩერებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსმა“ გუშინ, 22 ნოემბერს გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ აღნიშნული მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, ტყვეები გაცვალონ. “ჰამასის” მხრიდან საუბარია 50 მძევალზე, რომელიც ქალაქ ღაზაში ჰყავთ დაკავებული, ისრაელი კი 150 პალესტინელის გათავისუფლებას გეგმავს.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი