ახალი ამბები

გამოსამშვიდობებელი გამოფენა-კონფერენცია

3 სექტემბერი, 2010 • 1132
გამოსამშვიდობებელი გამოფენა-კონფერენცია

დღეს გალერეა ,,კოპალაში” მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრმამ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო.

როგორც ცენტრის დირექტორი, ირაკლი ფაჩულია ამბობს, პრესკონფერენციის გამართვის მიზეზი ბოლო დროს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, თოიძის პროფესიული ცენტრი სამხატვრო აკადემიას უერთდება.

ფაჩულიას თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თოიძის ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით, გუშინ კი ტელევიზიით სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ცენტრი სამხატვრო აკადემიას უერთდება.  თუმცა მან ვერ გაიხსენა სატელევიზიო არხი და აკადემიის წარმომადგენლის ვინაობა, რომელმაც ეს თქვა.

ფაჩულია ამბობს, რომ   სამხატვრო ცენტრი არავის გაუფრთხილებია შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით და  არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მიუღიათ.  თუმცა, თანამშრომლები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ცენტრი სამხატვრო აკადემიას შეუერთდება.  

პრესკონფერენციაზე თოიძის სამხატვრო ცენტრის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ რეალურად შესრულდეს პრეზიდენტის ინიციატივა სახელობო სასწავლებლების განვითარებასთან დაკავშირებით და ცენტრის დახურვის პროცესი შეჩერდეს.

,,სიმბოლურად ჩვენი გამოფენა და პრესკონფერენცია ერთმანეთს დავამთხვიეთ. თუ ცენტრს მართლა შეუერთებენ სამხატვრო აკადემიას, მაშინ ეს იქნება ერთგვარი გამოსამშვიდობებელი გამოფენა, რომლითაც საზოგადოებას თავს დავამახსოვრებთ”, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი