ახალი ამბები

„ჰამასის“ მძევლების ნაწილის გათავისუფლება პარასკევამდე გადაიდო

23 ნოემბერი, 2023 • 890
„ჰამასის“ მძევლების ნაწილის გათავისუფლება პარასკევამდე გადაიდო

ღაზის სექტორში ცეცხლის ოთხდღიანი შეწყვეტა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლება, სულ მცირე, ერთი დღით, პარასკევამდე გადაიდო, აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

„მოლაპარაკებები მძევლების გასათავისუფლებლად ახლაც მიდის და წინ მიიწევს. გათავისუფლების პროცესი წარიმართება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად, თუმცა, არა პარასკევამდე“, – ციტირებს „სი-ენ-ენი“ უწყებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთანხმების სისრულეში მოყვანას და მძევლების გათავისუფლებას ელოდნენ დღეს, 23 ნოემბერს. ამას წინ უძღოდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის მედიაციით გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც ღაზაში ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიწყებოდა, ისრაელი თავის ციხეებში მყოფ 150 პალესტინელს გაათავისუფლებდა, ხოლო სანაცვლოდ „ჰამასი“, სულ მცირე, 50 მძევალს გადასცემდა ისრაელს. არსებული ინფორმაციით, მათ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.

ამავე დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს, რომ საპატიმროებიდან არ გაათავისუფლებენ „მკვლელებს“, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელი „ჰამასთან“ ომის გასაგრძელებლად მოემზადება ყველა მიზნის მიღწევამდე.


ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ჰამასის მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ფოტოზე: ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული ბავშვები

მასალების გადაბეჭდვის წესი