პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილში, სადაც „გირჩთან“ ერთობის საფუძვლებზე საუბრობს, წინასაარჩევნო გაერთიანება არ იგულისხმება.
როგორც იაგო ხვიჩია ნეტგაზეთთან ამბობს, სააკაშვილის ამ წერილიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „გირჩის“ ერთობის დანახვა „ნამეტანია“.
იაგო ხვიჩიას თქმით, მან სააკაშვილს წერილი თავად მისწერა, რომელშიც არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გასვლაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, სააკაშვილს წერილი იმასთან დაკავშირებით მისწერა, რომ ქვეყანაში ამნისტიაზე ფიქრი დასაწყებია და ასევე სცადა გაერკვია, ხომ არ არსებობდა სხვა საკითხები, სადაც თანხვედრა ექნებოდათ ერთმანეთთან. როგორც ხვიჩია ამბობს, საუბარია დიდი ამნისტიის პროექტზე, რომელიც ბევრ ადამიანს უნდა შეეხოს, დაახლოებით ისე, როგორც ეს იყო 2012 წლის ამნისტიისას.
„ორი საკითხი გამოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა – ეროვნული ბანკის გაუქმების და ამნისტიის, რაზეც ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იმედიც, მათ შორის, მათი მედიასაშუალებების, რომ ამ თემებზე გაშუქების პრობლემა არ იქნება და ასევე არ იქნება თემატური მუშაობის და დისკუსიების პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან. მე მგონია, ამის დანახვა შეიძლება ამ წერილიდან.
მე გავიგე ისე, რომ „გირჩს“ რაც ეხებოდა, მაგ ნაწილში პირდაპირ თქვა, ამ საკითხებში იდეურ ერთობას ვეძებთო, ანუ გაერთიანებას ამნისტიისა და ეროვნული ბანკის საკითხებზე. რაც შეეხება იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე გაერთიანებები გარდაუვალი იქნება, ასეთი პოლიტიკური ძალების მეტი რა არის, რომლისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით თემატურ საკითხებზე [თანამშრომლობისკენ]“, — განუცხადა იაგო ხვიჩიამ ნეტგაზეთს.
როგორც დეპუტატი ამბობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის „გირჩი“ არავისთან გაერთიანებაზე არ ფიქრობს.
„პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სია გავხსნათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ნაცებს“ და „ქოცებს“ მიღმა აღმოჩნდებიან, ვისაც არ ენდომებათ ამაში მონაწილოება და ამას დაადასტურებენ. იმას, რომ „ნაცების“ სიაში აღმოვჩნდეთ, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში განვიხილავთ – თუ ვახტანგ მეგრელიშვილს დანიშნავენ „ნაცების“ თავმჯდომარედ“, — აცხადებს იაგო ხვიჩია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „გირჩთან“ იდეური ერთობის საფუძვლებზე საუბრობს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი არსებობის მანძილზე გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობდა და ამ კონტექსტში პარტია „გირჩზე” ლაპარაკობს.
ამის შესახებ ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავსა და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლისთავზე წერს.
სხვა პარტიებთან გადაკვეთის წერტილებზე საუბრისას სააკაშვილი პარტია „გირჩს“ ახსენებს და ამბობს, რომ რამდენიმე საკითხზე მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, რაც შესაძლოა იდეური ერთობის საფუძველი იყოს.