ახალი ამბები

კალაძე: უნებართვო მშენებლობების ამნისტიაზე მთავრობის ინიციატივა თბილისს არ შეეხება

22 ნოემბერი, 2023 • 4494
კალაძე: უნებართვო მშენებლობების ამნისტიაზე მთავრობის ინიციატივა თბილისს არ შეეხება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ მთავრობის ინიციატივა თბილისს არ შეეხება

კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა და აღნიშნული უფლების გამოყენება თბილისის მცხოვრებლებს ორი წლის განმავლობაში შეეძლოთ:

„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა.

ამ ხნის განმავლობაში მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც:

„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვრცლად წაიკითხეთ: მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებზე ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი