ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი საარჩევნო ბარიერზე

21 ნოემბერი, 2023 • 1250
ევროკავშირის ელჩი საარჩევნო ბარიერზე

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია და არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია.

ამის შესახებ მან საქართველოში არსებულ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ ქვეყანაში თანაბარი პირობები იქნება უზრუნველყოფილი და ყველას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში. ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ უმთავრესია, საარჩევნო პერიოდში არ იყოს ძალადობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

„თქვენ ბარიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო.

თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი].

ამასთან, ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა წესებში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა მოხდეს.

„რაც უფრო მალე მოხდება შეთანხმება ყველა ტექნიკურ საკითხზე, მით უკეთესი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა იყოს კარგად მომზადებული და მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კონტექსტი

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საარჩევნო რეფორმა ისევ მოხვდა.

კერძოდ, ევროკომისია ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

კომისია იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე.

საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული 19 აპრილის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ განისაზღვრებოდა.

19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებდა. თუმცა მეორე და მესამე მოსმენა არ გამართულა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ძალაში არ შესულა. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ბარიერის დაწევის არავითარი ვალდებულება არ აქვს. ამას ერთოდა ისიც, რომ 2021 წლის ივლისში მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაშინ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა, როდესაც უკვე ჩავლილი იყო ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „[2022 წლის] დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

მოგვიანებით ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის საკითხის ხელმეორედ გარკვევა 2023 წლის ბოლომდე გადადო, თავდაპირველად დაანონსებული 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ კობახიძე გულისხმობდა კანდიდატის სტატუსის 2022 წელს მიღებას. მმართველი პარტიის განცხადებით, მათ ლიდერს არ უთქვამს, რომ „თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს“, ბარიერს დაწევდნენ.

მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი პირობები განსაზღვრა, რომელშიც მათ შორის  ისიც თქვა, რომ ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეიცვლებოდა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ბოლო პოზიცია.

“ქართული ოცნებაში” განაცხადეს, რომ არ აპირებენ 5%-იანი ბარიერის დაბლა დაწევას. მეტიც, ოპოზიციის ნაწილის შესაბამის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარემ მათხოვრობაც უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი