ახალი ამბები

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მოკვლას გადაურჩა

2 სექტემბერი, 2022 • 1362
არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მოკვლას გადაურჩა

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მოკვლას გადაურჩა მას შემდეგ, რაც ქუჩაში, მხარდამჭერების გარემოცვაში მყოფს, იარაღი მიუშვირეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი სასამართლოდან სახლში ბრუნდებოდა.

მკვლელობის მცდელობის ამსახველ კადრებში ნათლად ჩანს, როგორც მიუშვირეს ფერნანდეს დე კირხნერს ცეცხლსასროლი იარაღი სახესთან. ისმის ჩახმახზე გამოკვრის ხმაც, თუმცა გასროლა არ ხდება.

კადრების მიხედვით, ინციდენტით დაბნეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ცალი ხელი თავისაკენ წაიღო, შემდეგ კი ძირს დავარდნილი ნივთის ასაღებად დაიხარა. პოლიციის თანახმად, დაკავებულია 35 ბრაზილიელი კაცი, ახლა კი ცდილობენ, თავდასხმის მოტივი დაადგინონ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი მემარცხენე პოლიტიკოსია, რომელიც 2015-2017 წლებში არგენტინის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი, 4 წლის განმავლობაში, პირველი ლედი. სასამართლოში, სადაც თავდასხმამდე იმყოფებოდა, ვიცე-პრეზიდენტს კორუფციას ედავებიან, რასაც თავად უარყოფს.

თავდასხმის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა თქვა, რომ იარაღი 5 ტყვიით იყო დატენილი, თუმცა, ჯერაც დაუდგენელი ტექნიკური მიზეზით, არ გაისროლა.

პრეზიდენტმა დაგმო ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა და მოიხსენია ის “ყველაზე სერიოზულ” ინციდენტად 1983 წლის შემდეგ, როცა არგენტინაში დემოკრატიული წყობა დაბრუნდა.

“შეიძლება, არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, გვქონდეს ღრმა უთანხმოება, მაგრამ სიძულვილის ენა დაუშვებელია, რადგან ის შობს ძალადობას… შეუძლებელია, ძალადობა დემოკრატიასთან თანაარსებობდეს”, — ციტირებს მას BBC.

ალბერტო ფერნანდესმა პარასკევი დასვენების დღედ გამოაცხადა, რათა არგენტინელებს მიეცეთ დრო “თვითგამოხატვისთვის სიცოცხლისა და დემოკრატიის დასაცავად, ჩვენი ვიცე-პრეზიდენტისადმი სოლიდარობისთვის”.

თავად კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიცე-პრეზიდენტს ბრალად ედება სახელმწიფოს მოტყუება და საჯარო კონტრაქტების თაღლითურად გაცემა პრეზიდენტობის პერიოდში, 2015-2017 წლებში. ის ბრალდებებს უარყოფს, ბოლო დღეებში კი ფერნანდეს დე კირხნერის სახლთან მისი მომხრეები იკრიბებიან მხარდაჭერის ნიშნად.

BBC-ის მიხედვით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პროკურორები ვიცე-პრეზიდენტის 12 წლით დაპატიმრებას და პოლიტიკური საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვას მოითხოვენ.

თუმცა, ფერნანდეს დე კირხნერი არგენტინის სენატის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს და საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. შესაბამისად, თუ განაჩენს უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმება ან 2023 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატს არ დაკარგავს, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ვერ დააპატიმრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი