ახალი ამბები

გამოკითხულთა, ჯამში, 55% უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს – IRI-ს კვლევა

15 ნოემბერი, 2023 • 1049
გამოკითხულთა, ჯამში, 55% უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს – IRI-ს კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 54%, მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით არ ვითარდება.

სწორად ქვეყნის განვითარების მიმართულებას მიიჩნევს გამოკითხულთა 39%. პასუხზე უარი განაცხადა, ან პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა შვიდ პროცენტს.

შედარებისთვის, 2023-ის მარტის IRI-ის კვლევაში გამოკითხულთა 62% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი მიმართულებით; 30% – რომ სწორით.

რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, გამოკითხულთა, ჯამში, 67% ასახელებს ეკონომიკურ განვითარებას, 49% – უმუშევრობას, 42% – ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. 11% – ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.

ქვეყნის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა, ჯამშ,ი 55% მიიჩნევს უმუშევრობას, 39% – ცხოვრების სიძვირეს, 16% – ზოგადად, ეკონომიკურ სიტუაციას, 13% – სიღარიბეს.

თავისი ოჯახის უმთავრეს პრობლემად, ჯამში, 35% ასახელებს მაღალ ფასებს, 27% – უმუშევრობას, 13% – ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციას. 21% ამბობს, რომ პრობლემა არ აქვს. ოჯახის ეკონომიკურ სიტუაციას ძალიან კარგად მიიჩნევს 4%,  59% – ასე თუ ისე კარგად, 27% – ასე თუ ისე ცუდად, 10% – ძალიან ცუდად. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით ცდომილების ზღვარშია.


კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი