ახალი ამბები

ვუტოვა: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების სტატისტიკა გაუმჯობესებულია

15 ნოემბერი, 2023 • 949
ვუტოვა: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების სტატისტიკა გაუმჯობესებულია

ევროპის საბჭო საქართველოში რიგით მეხუთე თანასწორობის კვირეულს აღნიშნავს, რომელიც დღეს „დედაენის ბარში“ გაიხსნა.

თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „წინააღმდეგობის ძაფები“. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდიმ და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა.

ნატალია ვუტოვას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით იკვეთება გაუმჯობესებული სტატისტიკა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების კუთხით, თუმცა, მიუხედავად ამისა, უმცირესობების წევრები კვლავ ხშირად ხდებიან თავდასხმისა და სიძულვილის ადრესატები, ეთნიკური იდენტობის, სქესის თუ რელიგიური ნიშნით.

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწაში. უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ევროპის საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამთავრობო უწყებები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებით გადაჭრიან თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ეს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებამდე, რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ”, — განაცხადა ვუტოვამ.

კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2021-2022 წლების სტატისტიკის ანალიზის პრეზენტაცია. სტატისტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო 2020 წლიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აწარმოებენ და აქვეყნებენ საქსტატის ვებგვერდზე.

სტატისტიკის თანახმად, რომ 2021-2022 წლებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გაზრდილია როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისა და მსჯავრდადებულ პირთა გამოვლენის რაოდენობის მაჩვენებლები. კერძოდ, შესაძლო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობა 5,8%-ით არის გაზრდილი (2021-ში — 1 703 საქმე; 2022-ში — 1 802 საქმე). ამავე პერიოდში 40%-ით არის გაზრდილი სისხლისსამართლებრივი დევნა პირებზე, რომლებმაც შეუწყნარებლობის ნიშნით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს. ამავე დანაშაულზე 73%-ით არის გაზრდილი სასამართლოს განხილული საქმეების რაოდენობა და 82,2%-ით გაიზარდა გამოვლენილი მსჯავრდადებული პირების რაოდენობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი