ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია – სუსი

15 ნოემბერი, 2023 • 948
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან პეტრიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი