ახალი ამბებისამართალი

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა დეკემბრამდე გადაიდო

15 ნოემბერი, 2023 • 1244
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა დეკემბრამდე გადაიდო.  შემდეგი სხდომის ჩატარება 17 ნოემბერს იყო ჩანიშნული და არსებობდა მოლოდინი, რომ სწორედ ამ დღეს გამოაცხადებდა მოსამართლე განაჩენს. დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომა დეკემბერში გაიმართება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი და ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად წელავს დროს. აღსანიშნავია, რომ გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა 29 დეკემბერს გადის.

“ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად წელავს სასამართლო პროცესებს იმიტომ, რომ ამჟამად უკვე აღარ ჰყავს პოლიციელები დასაკითხი და გამომძიებელები და ჰყავს ნეიტრალური მოწმეები. შესაბამისად, ნეიტრალური მოწმეების ასე მოყვანა საკმაოდ რთულია”, — განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

პროკურორი თამარ იაკობიძე ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ არიან მოწმეები, რომლებიც სასამართლოს არ დაუკითხავს. თუმცა აზუსტებს, რომ “დასაკითხ მოწმეებთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია”.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი