ახალი ამბები

ისრაელელი სამხედროები ღაზის მთავარ ჰოსპიტალში შევიდნენ

15 ნოემბერი, 2023 • 1422
ისრაელელი სამხედროები ღაზის მთავარ ჰოსპიტალში შევიდნენ

გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმიის ჯარისკაცები  ღაზის ყველაზე დიდ, ალ შიფას ჰოსპიტალში შევიდნენ. ისრაელი და აშშ აცხადებენ, რომ აღნიშნული ჰოსპიტლის ქვეშ განთავსებულია ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მთავარი მართვის ცენტრი. მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს როგორც დაკავებული ჰამასელების დაკითხვის, ისე სხვა გზებით. თუმცა თავად ჰამასი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს. ეს ინფორმაცია უარყო თავად ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ალ შიფას ჰოსპიტალს, ბოლო მონაცემებით, 4 ათასაზე მეტი ადამიანი აფარებს თავს, საიდანაც 700 არის პაციენტი, 400 — სამედიცინო პერსონალი და 3 000 — მშვიდობიანი მოქალაქე.

თავად ალ შიფას ჰოსპიტალში უმძიმესი ვითარებაა. როგორც ჰოსპიტლის ექიმებმა ბოლო დღეებში განაცხადეს, საკვების, ელექტროენერგიის, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო, ჰოსპიტალმა ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეწყვიტა, რაც არაერთი პაციენტის დაღუპვის მიზეზი გახდა. მათ გაავრცელეს ცნობა 3 ახალშობილის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ინკუბატორში იყვნენ მოთავსებული.

ალ შიფას ჰოსპიტალმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მოუწიათ ინკუბატორებიდან ბავშვების ამოყვანა, რადგან ინკუბატორებს ვერ ამუშავებდნენ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო. ფოტო: BBC

თავის მხრივ, ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ალ შიფას ჰოსპიტალში მიიტანეს სამედიცინო დანიშნულების ტვირთი და ინკუბატორები. კლინიკაში მანამდე აცხადებდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ ელექტროენერგია ინკუბატორების ასამუშავებლად და არა თავად ინკუბატორები, რადგან აღნიშნული დანადგარები მათ ისედაც აქვთ. გარდა ამისა, ისინი ფაქტობრივად შეუძლებელს უწოდებენ საავადმყოფოდან მძიმე პაციენტების ევაკუაციას.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას ჰოსპიტლის მიმდებარედ ჰამასის რამდენიმე მებრძოლი მოკლეს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე კი იარაღის გარკვეული მარაგი აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაგნეს 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელების კვალს. მათი თქმით, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ოპერაცია, შესაძლოა, გაფართოვდეს.

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ჰოსპიტლის შიგნით ჯარისკაცები ჯერჯერობით არ წაწყდომიან წინააღმდეგობას ჰოსპიტლის პერსონალის, პაციენტების, ან იქ მყოფი სხვა ადამიანების მხრიდან.

კატარში მოქმედი ტელეარხის, „ალ ჯაზირას“ ცნობით, ალ შიფას დირექტორმა მოჰამედ ზაკუტმა სააგენტო AP-ის განუცხადა, რომ ისრაელის არმიის ჯარისკაცების შესვლამ კლინიკაში თავშეფარებულ ადამიანებში, მათ შორის ბავშვებში, შიში და პანიკა გამოიწვია.

„ისინი ყვირიან, ძალიან საშიში სიტუაციაა… ჩვენ პაციენტებისთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა ლოცვისა“ ,— განაცხადე ზაკუტმა.

ალ ჯაზირას ცნობით, ალ შიფას ჰოსპიტალში ისრაელის სპეცოპერაცია ამ დრომდე [თბილისის დროით 11:30] მიმდინარეობს, ისრაელელმა ჯარისკაცებმა კი საავადმყოფოში თავშეფარებულებს ეზოში შეკრებისა და ევაკუაციისთვის მომზადებისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, ისინი საავადმყოფოს შენობის თითოეულ ოთახს ამოწმებენ და კითხავენ სამედიცინო პერსონალს.

ალ შიფას ჰოსპიტლის კომპლექსი დიდი ზომის, სულ მცირე, 5 შენობას აერთიანებს, რომლებიც ადამიანებითაა გადაჭედილი.

ისრაელმა ჰამასს ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ჰამასის მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 4 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მთავარ ფოტოზე: ალ შიფას ჰოსპიტლის შესასვლელი. ფოტო გადაღებულია 10 ნოემბერს. Khader Al Zanoun/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი