სამართალი

ბრეგაძე: სტრასბურგმა უარი უთხრა სააკაშვილს პოლონეთში გადაყვანაზე

12 მაისი, 2023 • 1569
ბრეგაძე: სტრასბურგმა უარი უთხრა სააკაშვილს პოლონეთში გადაყვანაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნაზე.

საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა შუალედური ღონისძიება იქამდე, სანამ სააკაშვილის საქმეს არსებითად განიხილავდა.

„მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა. დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – თქვა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ის, რომ დროებითი ღონისძიების თხოვნა არ დაკმაყოფილდა, „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.

„დროებითი გადავადება, ეს არის სურვილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ამის შანსი“, — განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან  დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა საქმესთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებით მიმართა.

სააკაშვილის ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი