ახალი ამბები

„სადღაც გაუმჯობესება მაქვს, სადღაც გაუარესება“ — სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე

3 ნოემბერი, 2023 •
„სადღაც გაუმჯობესება მაქვს, სადღაც გაუარესება“ — სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ონლაინ ჩაერთო. მან საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ცდილობს, იბრძოლოს უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

„სადღაც გაუმჯობესება მაქვს, სადღაც გაუარესება, მაგრამ ხელებს არ ჩამოვუშვებ და მტრის ჯინაზე არ მოვკვდები“, — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„მე ვარ პოლიტპატიმარი. ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ასევე ხდება ჩემი ქვეყნის და ჩემი სამშობლოს თავს. მე მესმის, რომ ჩემი პოლიტპატიმრობა ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

„მოხდა საქართველოს ბაობაბიზაცია და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ…ჩემი პატიმრობა დროებითი უსამართლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიხსნის საკუთარ თავს და დამიხსნის მეც“, — დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღმოჩნდა ცუდ ბანაკში, სადაც არის „ჰამასი“, რუსეთი და ა.შ.

„მაგრამ ევროპა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში, დარწმუნებული ვარ ამაში. მე, როგორც არასდროს, ვარ ბრძოლისუნარიანი და მზად ვარ, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად ქვეყნის უბედურებიდან გამოყვანაზე“, — დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი