ახალი ამბები

NGO-ები კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის ვადის გადატანას ითხოვენ

27 აგვისტო, 2010 • • 988
NGO-ები კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის ვადის გადატანას ითხოვენ

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს.

პარლამენტისადმი მიმართვაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გაავრცელეს, წერია, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვა არაეფექტურად მიმდინარეობს. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული, პროექტის განხილვისას, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები.

ასევე არასამთავრობოები წერენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პასიური პერიოდი (აგვისტო) შეირჩა.

,,კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი), დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში (აგვისტო) განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს”,- წერია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 2011 წლისათვის გადაიტანონ და ასევე, განხილვის ეფექტურობისათვის, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

,,საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები”, – წერია მიმართვის დასასრულს.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში.

სექტემბრის პირველ კვირაში კომისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი