ახალი ამბები

“ის არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილია” – მდინარაძე LCI-სთან ინტერვიუზე

13 ნოემბერი, 2023 • 1664
“ის არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილია” – მდინარაძე LCI-სთან ინტერვიუზე

“ის არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილია” – ასე უპასუხა 13 ნოემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც მთავრობამ გააკრიტიკა ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო. 

“იმ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან, ვინც ის აირჩია, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ პარტიას პრეზიდენტის გამო ბოდიშების ხდა უწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან და რომ არა მათი მხრიდან იმპიჩმენტის დაყენება, “ათასჯერ უფრო უარეს და უხერხულ მდგომარეობაში” აღმოჩნდებოდნენ:

“ეს ქალი ამბობს შემდეგ, რატომ არ მიშვებენ ევროპაში? რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა და ქართველი ხალხი? რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას ევროპის ქვეყნებში და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში? როცა ასეთ უხერხულ, საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხელისუფლებას და ხალხს”, – განცახადა მდინარაძემ. 

საუბარია ზურაბიშვილის ინტერვიუზე ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან, სადაც პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმედოვნებდა თუ არა, რომ პუტინი და სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან:

„ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინპინი, უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“ ,— ჰკითხა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.“.

ამ კომენტარის გამო 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას  სინანული გამოთქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

ვრცლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინტერვიუზე ფრანგულ სატელევიზიო არხთან:

ღარიბაშვილმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა — მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი