თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი ნათია კიტოვანი ავრცელებს.
თენგიზ კიტოვანი იყო ეროვნული გვარდიის სარდალი, რომელმაც 1991 წლის აგვისტოში დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის გახდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1992-1993 წლებში კიტოვანი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. 1992-1995 წლებში თენგიზ კიტოვანი იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამის შემდეგ კიტოვანი ცხოვრობდა მოსკოვში, საქართველოში კი დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ.