ახალი ამბები

ოპერის გაფიცული თანამშრომლები პრემიერის დღეს აქციას გამართავენ

13 ნოემბერი, 2023 • 1115
ოპერის გაფიცული თანამშრომლები პრემიერის დღეს აქციას გამართავენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცვას აგრძელებს და 14 ნოემბერს, გაფიცვის მე-12 დღეს, თეატრის ეზოში, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან აქციისთვის ემზადება.

აქცია 17:30 საათზეა დანიშნული. ამავე დღეს, 19:00 საათზე თეატრში “ბაიადერას”, ლუდვიგ მინკუსის ორმოქმედებიანი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქციის პრემიერა უნდა შედგეს.

ოპერის ტექნიკური პერსონალის 20-ზე მეტ თანამშრომელი 3 ნოემბერს გაიფიცა. “მიუხედავად გაფიცვისა და შეხვედრის მოთხოვნისა, ოპერის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ მიდიან”, – ნათქვამია აქციის შესახებ გავრცელებულ საინფორმაციო ტექსტში. 

გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი ზრდა და გაფიცვის წინ გათავისუფლებული ორი თანამშრომლის აღდგენაა. ორგანიზატორები და ოპერის გაფიცული თანამშრომლები თეატრის სხვა თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ მათ ბრძოლას შეუერთდნენ.

ტექნიკური პერსონალი ამბობს, რომ ხელფასი ძირითადად დაახლოებით 500 ლარია. ორ ცვლაში და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე რამდენიმე ადამიანის ხელფასი, მათი თქმით, კვირაში 70 საათამდე დატვირთვის სანაცვლოდ, 1000 ლარს სცდება. გაფიცულები ასევე საუბრობენ შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარის არარსებობაზე.

ოპერისა და ბალეტის თეატრში აცხადებენ, რომ საკმარისი თანამშრომლები ჰყავთ საიმისოდ, რომ პრემიერამ და მომდევნო დადგმებმა წარმატებით ჩაიაროს. ასევე, მათი მტკიცებით, თეატრში ყველა ნორმა დაცულია და ხელფასების 100%-იანი ზრდა შეუძლებელი.

რას ითხოვენ გაფიცულები, რატომ და როგორია მათი შრომის პირობები ოპერისა და ბალეტის თეატრში, იხილეთ აქ:

„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

14 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი, პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”, პროფკავშირების ახალი გაერთიანება, პროფკავშირი “გილდია”, მეტროს პროფკავშირი “ერთობა 2013”, საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი.

“ჩვენ წერილებით მივმართეთ კულტურის სამინისტროსაც და არაერთხელ მივმართეთ ადმინისტრაციასაც, თუმცა რეალური დიალოგი დღემდე ვერ შედგა. დიალოგის მაგივრად, ადმინისტრაციის მხრიდან მოდის შეურაცხმყოფელი, მუქარანარევი და ქედმაღლური მესიჯები და დამოკიდებულება. მინისტრი კი პირაპირ აცხადებს, რომ თურმე სადადგმო ნაწილში მომუშავე ადამიანები კულტურის მუშაკები არ არიან და ოპერაში შემთხვევით მოხვედრილი ხალხია” – წერს „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე.

პროფკავშირმა ასევე შექმნა საგაფიცვო ფონდი ტექნიკური პერსონალისთვის ფინანსური შემოწირულობების შესაგროვებლად.

“გაფიცვის პერიოდში გაფიცულებზე ეკონომიკური წნეხი იზრდება, რადგან ამ პერიოდში ისინი ხელფასს არ იღებენ”, – ნათქვამია პროფკავშირის საგაფიცვო ფონდის შესახებ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი