ახალი ამბები

რა თქვეს ღარიბაშვილმა და ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე

10 ნოემბერი, 2023 • 3002
რა თქვეს ღარიბაშვილმა და ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რუსულ ოკუპაციასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელში “მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე”, სალომე ზურაბიშვილი კი სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით “,მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე”.

ღარიბაშვილის სიტყვებით, საქართველოს ინტერესია “ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში”. მისი თქმით, რუსული ოკუპაცია მთავარი გამოწვევაა, ბოლო 10 წელიწადი კი წარმოადგენს “ერთადერთ პერიოდს”, როცა საქართველოში”არ არის ომი და არ ვკარგავთ ტერიტორიებს”.

“ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, თუმცა ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პერსპექტივა. არის საკითხები, რომლებსაც დაუყოვნებლივ ვერ მოაგვარებ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”, — თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე ისაუბრა ყარაბაღის კონფლიქტზეც და დასძინა, რომ საქართველო “მიუკერძოებელი, ობიექტური შუამავალია” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

“საქართველოს მეგობრული სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აზერბაიჯანთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა აქვს მოძმე სომხეთთან”, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა ისტორიული მიღწევა უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ამ საკითხზე საუბრისას ზურაბიშვილმა ახსენა საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ასევე,  გეგმები, რომლებიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნას უკავშირდება.

“გარედან ევროკავშირი ჩანს ადგილად, სადაც შენ, ბოლოს და ბოლოს, უსაფრთხოდ ხარ. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური ვითარებაა ჩვენი პარტნიორების შემთხვევაშიც ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც [ბლოკს] რამდენიმე წლის წინ შეუერთდნენ.

დარწმუნებული ვარ, ასევე უყურებენ ევროკავშირს უკრაინაც და მოლდოვაც. არსებობს ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთი ვერ აღწევს. ის, რომ რუსეთი არ იცვლება, ფაქტია. ის დარჩა იმპერიალისტურ ძალად”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ესაა რეალობა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი არ გაიაზრებს, რომ მას, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, გააჩნია საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

“თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია];

ვფიქრობ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც ეს დრო მოვა, როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად გადის მისი საზღვრები”, — დასძინა პრეზიდენტმა.

პარიზის მშვიდობის ფორუმი წელს მეექვსედ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი