ახალი ამბები

50 დეპუტატი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით პარტნიორებს მიმართავს

2 ნოემბერი, 2023 • 4679
50 დეპუტატი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით პარტნიორებს მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციის 50 დეპუტატი ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართავს.

საერთო განცხადებაში დეპუტატები ერთხმად და მტკიცედ გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციის მცდელობა რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართო რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომისა. შესაბამისად, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.

ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად. ვინაიდან მმართველმა პარტიამ ფაქტობრივი უარი განაცხადა ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, ამ ფორმით გიზიარებთ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას“, – ვკითხულობთ ოპოზიციონერი დეპუტატების საგანგებო განცხადებაში.

მსგავსი შინაარსის რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო ოპოზიციას – პარტიას „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიას – პარლამენტში დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა მას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები. ხელმომწერებს შორის არ არიან „ევროპელი სოციალისტები“ და დამოუკიდებელი დეპუტატი დილარ ხაბულიანი.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი