ახალი ამბები

ბიძაშვილი ქალის სასტიკად მკვლელობისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

10 ნოემბერი, 2023 • 2952
ბიძაშვილი ქალის სასტიკად მკვლელობისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელსაც ბრალი ედებოდა გენდერული ნიშნით მოტივირებული, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. პროკურატურის ინფორმაციით, განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კაცი საცხოვრებლად ბიძაშვილის ბინაში გადავიდა. მან განიზრახა, ეკონტროლებინა ნათესავი ქალის ცხოვრება და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან – ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

“მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობისთვის გამოიტანეს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი