ახალი ამბები

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობა იქნება

10 ნოემბერი, 2023 • 1379
ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობა იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილება  საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე ყოფნას აიძულებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გააკვირვა თუ არა იმ ფაქტმა, რომ პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა ახალი სტატუსს ისტორიული გამარჯვება უწოდა.

„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ დემოკრატიული არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება.

„იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

France 24-მა აღნიშნა, რომ ქართული მთავრობის პრორუსული პოზიციონირება შესაძლებელია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ და მაგალითად მოიყვანა სლოვაკეთის ახალარჩეული პრორუსი პრემიერი ფუკო, რომელმაც შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება.

„ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას ცხადი მიზეზების გამო. სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი