ახალი ამბები

უკრაინამ ქართული ღვინის კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა

10 ნოემბერი, 2023 • 2696
უკრაინამ ქართული ღვინის კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა

უკრაინამ ღვინის ქართული კომპანია “ბოლერო და კომპანია” [BOLERO & COMPANY] ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ცნობილი 9 ნოემბერს გახდა.

კომპანიას ვახტანგ კარიჭაშვილი [აქვს რუსეთის მოქალაქეობაც] ფლობს. უკრაინული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. ვახტანგ კარიჭაშვილი და უჩა მამაცაშვილი კომპანიის “მელიქიშვილი ინ” თანამფლობელები არიან.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, უკრაინული მხარის მტკიცებით, შპს “ბოლერო და კომპანია” რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია და ომის მიუხედავად აგრძელებს ბიზნესთანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომელთა მფლობელებიც დასანქცირებული არიან.

“შპს BOLERO & COMPANY-მ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთში 35.9 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა. რუსული მხარეს იყვნენ:

  • შპს „ლუდინგ-თრეიდი“ (TIN 7705444495), რომელიც არაფორმალურად დაკავშირებულია შპს „ლუდინგ-სიმფეროპოლთან“ (TIN 9102012611), რაც თავის მხრივ იწვევს ქართული პროდუქციის უკანონო რეალიზაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  • შპს Logistics Alternative (TIN 2311147190) აკონტროლებს PJSC Magnit-ს, “მაგნიტის” მთავარი აქციონერი (29.2% აქციები) არის სანქცირებული ალექსანდრე ვინოკუროვის მარათონის ჯგუფი, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძეა. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დღეს, ვინოკუროვი 36 სხვა ბიზნესმენთან ერთად შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის მთავრობის სხვა წევრებს, რათა განეხილათ დასავლეთის სანქციების გავლენა.
  • შპს GVMT GROUP-მა რუსეთში 01.01.2022-დან 30.09.2023 წლამდე 27.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. ერთ-ერთი რუსული მხარეა: შპს Bristol Retail Logistics (TIN 5003116490), რომლის დამფუძნებელია შპს Mercury Retail Holding (TIN 9703127582), რომელიც თავის მხრივ ასოცირდება სანქცირებულ პირებთან, იგორ კესაევთან და სერგეი კაციევთან”, — წერს უკრაინა.

ამასთან, უკრაინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ბოლეროსთან” ერთად რუსეთში მსხვილი ექსპორტიორია ასევე კომპანია “გრუზვინოპრომი”. განცხადების თანახმად, კომპანიამ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით 5.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა რუსულ ბაზარზე.

“გრუზვინოპრომი” პირდაპირ არ არის დაკავშირებული “ბოლეროსთან” ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ბიზნესჯგუფთან, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი პაატა გუდაძე არის ასევე სხვა რუსული კომპანიის “ბოლეროს” დამფუძნებელი და ვახტანგ თამაზოვიჩ კარიჭაშვილთან ერთად იყო შპს „დინასტიის“ (TIN 7733816963) თანადამფუძნებელი, რომელიც ლიკვიდირებულია 2015 წელს.

“საერთო ჯამში, კომპანიებმა, რომლებსაც ვახტანგ კარიჭაშვილი აკონტროლებს, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე რუსეთში 69 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს.

რუსული ოფიციალურ წყაროების თანახმად, 2024 წელს ღვინის აქციზის გადასახადიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები შეიძლება 2023 წლისთვის გათვალისწინებული 11,1 მილიარდი რუბლიდან გაიზარდოს 22,6 მილიარდ რუბლამდე.

ამრიგად, კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კომპანიის მენეჯმენტს არ ჰქონია რაიმე მცდელობა დაეგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ”, — წერს უკრაინა.

“სტუდია მონიტორის” მიერ 2021 წელს გამოქვენებული გამოძიების თანახმად, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ღვინის სუბსიდირებას, 2020 წელს სწორედ “გრუზვინპრომი” იყო მსხვილი ბენეფიციარი. კერძოდ, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით ამ კომპანიამ 1 242 753 ლარი მიიღო.

მეწარმეთა რეესტრის თანახმად, კარიჭაშვილი ,ჯამში, 18 კომპანიის მეწილეა. მათ შორის: შპს სასტუმრო ივერია ინ; შპს კესეფბერგ ინვესტმენტი; შპს ვაკათრეიდი; შპს კ და ქართული სპირტი; შპს ვაკა ისტეიტს; შპს Bolero & Company; შპს მელიქიშვილი ინნ; შპს GVMT Group; შპს ლილე; შპს ჯიესპი გრუპ; “შპს ვაკა; შპს მილადა ინტერნეშინელ; შპს შატო ვკ; შპს ვკ ნატურალი; შპს ინნ დეველოპმენტი+; შპს ალიანსი და კომპანია;

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ბოლერო და კომპანიას” კომენტარისთვის, თუმცა  კომპანია ჯერჯერობით არ გამოგვხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი