ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა: PROCTER AND GAMBLE-ს ქართულ ანგარიშზე €333 132 მოტყუებით ჩაარიცხვინეს

9 ნოემბერი, 2023 • 1432
პროკურატურა: PROCTER AND GAMBLE-ს ქართულ ანგარიშზე €333 132 მოტყუებით ჩაარიცხვინეს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოავლინა ტრანსნაციონალური დანაშაული და ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოურ კომპანია ,,PROCTER AND GAMBLE“-ს ელექტრონულ ფოსტაზე ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

“აღნიშნული თანხა, ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

უწყების განცხადებით, ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე – ,,PROCTER AND GAMBLE“-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი